Thursday, October 13, 2016

რომ არა ადმინისტრაციული რესურსი

არჩევნებმა ცხადყო, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებად კვლავ რჩებიან ის მოქალაქეეები, რომლებისთვისაც ოთხი წლის წინათაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოძალადე რეჟიმის მოცილება, ეს მათთვის დღესაც მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ადამიანებისა და ადმინისტრაციული რესურსის წყალობით, დიდი ალბათობით, “ქართული ოცნება” მოიპოვებს კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს საქმიანობას საქართველოს პარლამენტში. მან განაცხადა, რომ “საბოლოო ჯამში, თუ საერთოდ არ შემოვლენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში, ეს პირიქით _ წაადგება კიდევაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას ქვეყანაში”.
ფორმალური თვალსაზრისით, თითქოს ყველაფერი კანონიერად და პროცედურის სრული დაცვით არის, მაგრამ ვნახოთ, რამდენად “მაღალია” ირაკლი კობახიძის ნაქები მეცხრე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხი.
“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ საკმაოდ აქტიურად ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების შემდგომ საბოლოოდ გაქრებოდა პოლიტიკური რადარებიდან, თუმცა არჩევნების მეორე დღესვე ქართველმა ხალხმა სრულიად საპირისპირო სურათი იხილა _ ოპოზიციური ძალებიდან მხოლოდ საკაშვილის პარტიამ გადალახა ბარიერი, თუ არ ჩავთვლით პატრიოტთა ალიანსის “წვალებას” 5,1 პროცენტით. სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” ილაპარაკებს პარლამენტში ოპოზიციის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” ამ ეტაპს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მარგინალიზაციის დასაწყისად მიიჩნევს, მაინც აღშფოთებულია ნაციონალების მანდატების რაოდენობით პარლამენტში. კოჰაბიტაციამ ისევ ქოცებს გაურთულა საქმე. კოჰაბიტაციამ შეაჩერა ნაციონალების დასჯის პროცესი, მაგრამ არსებობს შიში... და ეს შიში ამ ხალხში სასჯელის მიღების მოლოდინია. ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს, ნურავინ იქნება მშვიდობის მოლოდინში.
როგორც საზოგადოების უმრავლესობის, ასევე ივანიშვილის ხელისუფლების მიერ არაერთხელ რეჟიმად სახელდებული პარტიის დამქაშებმა რომ არ მიიღეს სასჯელი, ამიტომაც განიცდის “ქართული ოცნება” რეპუტაციულ დანაკარგს, ხოლო რეჟიმის მთავარი “შემკვეთებისა და შემსრულებლებისთვის” დაუსჯელობა რეციდივის წახალისებაცაა. კოლაბორაციონისტებს II მსოფლიო ომის შემდეგ რით გაუსწორდნენ ფრანგები? მათზე ხომ ვერ ვიტყვით, რომ კულტურის მქონე ხალხი არ არის _ გადაპარსეს თმები და ისე გაუშვეს ქუჩაში. ნაციონალები კი, არათუ თმები გადაპარსეს, ხელისუფლებაშიც დარჩნენ, სხვადასხვა ორგანიზაციაშიც, ბევრი დაწინაურდა კიდეც და არაერთ “მთავარ ეჭვმიტანილს” თმის ღერიც არ ჩამოვარდნია.
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, კვლავაც ზარავს ცოცხების პერსპექტივაზე ფიქრი. რამდენი არიან ისინი? ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტით არის არჩეული “ოცნება”? როგორც ვიცით, ამომრჩველთა 49 პროცენტი, ანუ ყოველი მეორე ამომრჩეველი არ მივიდა საარჩევნო ყუთთან, ხოლო ყუთებთან მისული 51 პროცენტის მხოლოდ არასრულმა ნახევარმა დაუჭირა მხარი “ოცნებას”. ასე რომ, კობახიძის ნაქები “მაღალი ლეგიტიმაცია”, არც მეტი არც ნაკლები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 25 პროცენტს შეადგენს. ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, სავსებით საკმარისია. ყველაფერი ლეგიტიმურია, მაგრამ არის კი საკმარისი მოსახლეობის ამომრჩევლის მხოლოდ 25 პროცენტის მხარდაჭერა “ოცნების” მიერ გაცხადებული მიზნების მისაღწევად? ვინ უნდა დაფიქრდეს და რა დასკვნები გამოიტანოს, რა სამოქმედო გეგმა დასახოს იმაზე, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 25 პროცენტმა (ისიც მმართველი პარტიის ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე) უთხრა უარი ცოცხებს? საზოგადოების რა ღრმა მორალური და სულიერი დეგრადაციის ტენდენციაზე მიგვითითებს ეს ციფრები? ხომ არ გახდება ეს პათოლოგიური ტენდეცია 2016 წლის არჩევნებში ფერფლიდან აღმდგარი ნაციონალების მიერ “ქართული ოცნების” “გაცოცხვის” საწინდარი? მათ მიერ სუფთად აღებული 27,11% ხომ, ძირითადად, იმ ამომრჩეველთა ხმებია, რომლებსაც მოძალადის შიში სიყვარულში გადაუვიდათ.



ნათია თათარიშვილი

No comments:

Post a Comment