Thursday, October 13, 2016

კოსმეტიკური კეთილდღეობის კვალდაკვალ...

  
 დღეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც შეგვიძლია ვაკრიტიკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქართველ ხელისუფლებაში დაბუდებული მართველობები. მაგრამ ამავდროულად აქტიურად მოგვიწევს ვებრძოლოთ ემოციურ ატროფიასა და ამნეზიას, ე.წ. "ზნეობრივ დალტონიზმს" ჩვენში, რათა უნებურად გვამებს არ გადავაბიჯოთ და იქ არ აღმოვჩნდეთ, სადაც "ეშმაკები" სუნთქავენ.
   
   შეიძლება ქართული ოცნება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ან შეიძლება ალტერნატიულ ძალას უჭერდე მხარს ან უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში იყო, ან სულაც იყო ნაციონალი და შენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს ის თუ სად იქნება ცოცხი. თუმცა, არ უნდა დავთრგუნოთ ანალიზის უნარი, ავ-კარგიანობის ფსიქოზურმა მოცემულობამ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. ცხადზე ცხადია, მხოლოდ აკვარიუმის თევზები ვერ გრძნობენ განსხვავებას გლობალურ აცივებასა და გლობალურ დათბობას შორის და ვინც ზოგადად განსხვავებას ვერ გრძნობს, მას არც არჩევანის გაკეთების უნარი გააჩნია.
    არსებობს ცნება - საზოგადოებრივი კეთილდღეობა, თუმცა ჩნდება კითხვა: არსებობს კი იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვინ უნდა გვაზიაროს ამ მდგომარეობას? აი ამ საკითხზე ფიქრი, წარმოადგენდა წინასაარჩევნოდ ქართველი საზოგადოებისათვის პრიორიტეტულ საზრუნავს. პოლიტიკაში გამოჩენილი თითოეული პოლიტიკოსი, მეცენატი, ბიზნესმენი ფასდება მათზე თან მომყოლი ფინანსური რესურსით ან აშკარა პატრიოტული შემართებით. ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავსი საკანდიდატო წარმომადგენლებს ხელისუფლებაში მოსვლის ეტაპზე ხელს უწყობდა ასევე მუდმივად დაძაბული პოლიტიკური გარემო, მოხერხებული მანევრების ჩატარების შემდგომ კი ისინი თავად, სურვილისამებრ ქმნიდნენ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს. წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მთავარ მოტივატორად კვლავაც ხალხის განწყობა რჩება. საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო რესურსით და უკვე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონს განეკუთვნები.
   თუმცა, როგორც ახლო პოლიტიკური წარსული გვიჩვენებს ბიზნესმენებისა და მეცენატების მოსვლა ხელისუფლებაში ყოველ ჯერზე არაეფექტური გამოდგა. პატარკაციშვილის არ შემდგარი დებიუტი პოლიტიკაში, შემდგომ ივანიშვილის გრანდიოზული გამოჩენა და უკვე 2016 წელის არჩევნებში პაატა ბურჭულაძის მონაწილეობა, მისათვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იყო. ეს უკანასკნელი ჯერ დამწყები პოლიტიკოსია და ცხადია არც შეცდომებისგანაა დაზრვეული, მთავარია გული არ გაიტეხოს. წინ კიდევ ბევრი არჩევნებია - ერთხელ თუ არ გამოუვიდა, მეორედ გამოუვა. მეორედ არ გამოუვა, მესამედ გამოუვა; მესამედ არ გამოუვა, მეოთხედ გამოუვა და თუ არ გამოუვა, ამასობაში საკმარის გამოცდილებას შეიძენს და მიხვდება, რომ მისი საქმე არ არის პოლიტიკა. ფინანსური რესურსი აქვს, საქმე - არა, ხოდა გამჩენიც არ ასვენებს.
        მათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ავიწყდებათ, რომ მუნჯის ენა მხოლოდ მუნჯის დედამ იცის. საქვოლმოქმედო საქმიანობა, რომელიც თითოეულ მათგანს ბექგრაუნდად მოყვება სეიოზულ ტრამპლინად იქცა მათთვის პოლიტიკურ სარბიელზე. ეს მნიშვნელოვანი გარემოება მათ წისქვილზე ასხამს სწალს. როგორც ბესარიონოვიჩმა თქვა ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო მილიონისა სტატისტიკაო. საქართველოში მომრავლდა მსგავსი მაგალითები, სულ უფრო და უფრო მეტი ბიზნესმენი ცდილობს გადაბარგებას პოლიტიკაში. მსგავსი მეთოდიკა მთელ მსოფლიოში ბიზნესმენებისათვის ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდადაც არის მიჩნეული. ხალხს კეთილდრეობის პერსპექივაზე ფიქრი ხიბლავს და ინუსხება მისი გაჟღერებისთანავე, მით უფრო თუ კანდიდატებს ამის ფინანსური რესურსი გააჩნიათ, ამ შემთხვევაში თეორიის რწმუნებადობის ხარისხიც იზრდება.
    ივანიშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებად ჩებიან ის მოქალაქეეები, რომლებისთვისაც ოთხი წლის წინაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოძალადე რეჟიმის მოცილება, ეს დღესაც მნიშვნელოვანია. მაგრამ ოქროს კვერცხის ლოლიალში, ოქროს კვერცხის მდები ქათამი ეცლება ქართველ საზოგადოებას ხელიდან. საბოლოოდ, ქართველ ხალხს შერჩება ოქროს კვერცხი, რომლის გამოყენების ინსტრუქციასაც თან გაიყოლებს მავანი. დღეს კი უკვე ნათლად ვხედავთ, ქართული ოცნების პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის ქრონომეტრაჟს ზედმეტი მარჩიელობის გარეშეც, მხოლოდ დროის საკითხია, როდის ვიტყვით "ან მოსვლა რა იყო ან წასვლაო".



სტატიის ავტორი: ნათია თათარიშვილი

No comments:

Post a Comment