საბჭოთა კავშირის ბეჭდვითი გამოცემების მიერ გაშუქებული
„პრაღის გაზაფხული“
საბჭოთა კავშირის მესვეურებმა თავის დროზე ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რათა მაკომპრომიტირებელი ყველა დოკუმენტაცია განადგურებულ ყოფილიყო ან დაცული ისე, რომ მათზე წვდომა მხოლოდ სახელმწიფო აპარატის მესვეურებს ჰქონოდათ. იმის გამო, რომ ზოგიერთი დოკუმენტი დღემდე გასაიდუმლოებულია, საკითხის ყველა ასპექტის საფუძვლიანი, სრულყოფილი შესწავლა ვერ ხერხდება.
80-იანი წლების ბოლომდე, ცნობების უმრავლესობა "პრაღის გაზაფხულის" შესახებ, მოპოვებული იქნა ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან, რომელიც გამოცემული იყო ოკუპაციამდე ან მოგვიანებით. საეჭვო იყო, გახდებოდა თუ არა ოდესმე ეს არქივები ხელმისაწვდომი, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი იყო ძალიან სათუთი, საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოება კი იზოლირებული. ჯერ კიდევ არცთუ დიდი ხნის წინ აღმოსავლეთ ბლოკში გასაიდუმლოებულ მასალებზე მოთხოვნა უბრალოდ წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა საჯაროობის პერიოდში არა მხოლოდ უამრავი ინფორმაციის მოძიება გახდა შესაძლებებლი არამედ საჯარო დისკუსიებიც. "პრაღის გაზაფხული" და საბჭოთა ინტერვენცია, საბოლოო ჯამში, გახდა გორბჩოვის რეფორმების პროგრამის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, დიდი დასჭირდა კრემლს საჯაროდ გაესამართლებინა საბჭოთა ძალების შეჭრა. 1968 წლის მოვლენების გადაფასება გახდა იმის სიმბოლო, რომ გორბაჩოვის პოლიტიკური ორიენტაცია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიმართ იყო სახეშეცვლილი. ყოველივემ წარმოშვა განცდა მეტი ლიბერალური დამოკიდებულებისა, რომლის შედეგადაც საბოლოოდ 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სათავეში მოვიდნენ არაკომუნისტური ხელისუფლებები.
მკვლევრებს, რომლებიც მუშაობდნენ პრაღის საკითხზე, საბოლოოდ მიეცათ საშუალება გაეხსნათ ის არქივები, რომლებიც სულ რამოდენიმე ხნის წინ ინახებოდა მკაცრი დაცვის ქვეშ. ამ მასალებიდან ბევრის არსებობა წარსულში საერთოდ უცნობი იყო, ამიტომ მათ კრიზისის ძირითადი ასპექტის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ. ისეთი დოკუმენტების არსებობა, როგორიცა ბრეჟნევის წერილი დუბჩეკისადმი ინტერვენციამდე ოთხი დღით ადრე, დიდი ხანია ცნობილი იყო, თუმცა წერილის ზუსტი შინაარსი არასდროს გახმაურებულა. ეს წერილი, კომისის მიერ დაწერილ მოკლე შესავალთან ერთად, 1991 წლის დასაწყისში, გამოქვეყნდა სამხედრო-ისტორულ ჟურნალში და ნათელი მოჰფინა კრიზისის თემას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ორი წერილი, რომელიც 1968 წლის აგვისტოში საბჭოთა ხელისუფლებას საიდუმლოდ გადასცა ჩეხოსლოვაკიის ჩინოვნიკების ჯგუფმა ვასილ ბილაკის თაოსნობით. აღნიშნული წერილები ვრცლად არის განხილული ნაშრომის მეორე თავში, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ უბიძგებდნენ წერილის ავტორები რუსულ მხარეს მოქმედებებისკენ და ამასთანავე სამხედრო ძალების გამყენებისაკენ, თავიანთ ამ ნაბიჯს კი ამართლებდნენ იმ მოტივით, რომ მათ სურდათ ჩეხოსლოვაკიისათვის აერიდებინათ მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც მას კონტრევოლუციის სახით ემუქრებოდა.
უამრავი მასალა გამოჩნდა მოსკოვში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, დოკუმენტებს შორის არის ასევე მრავალმხრივი კონფერენციების გაშიფვრა, ორმხრივი კონსულტაციების ანგარიშები, რომლებიც ხორციელდებოდა ბრეჟნევსა და მის აღმოსავლელ კოლეგებს შორის კრიზისის პერიოდში, კრემლის ჩინოვნკების მსჯელობები, ინტერვიუები, ანგარიშები. ასევე ნიშანდობლივია, 1968 წლის მოვლენების მონაწილეთა ინტერვიუთა სერიები, რომლებიც დღის სინათლეზე გამოჩნა 80-იანი წლების მეორე ნახევარიდან.
ყოფილი ოფიციალური პირების ზოგიერთ მემუარებში ვხვდებით არც თუ გულახდილ მობოდიშებებს, 1968 წლის ჩეხოსლოვაკიაში განხორციელებული ინტერვენციის გამო. სწორედ ამგვარი მიდგომა გამოავლინა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი გრომიკომ, რომელსაც არც კი შეუწუხებია თავი, რომ თავის ორტომიან მემუარებში ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმა მოეხსენებინა. მემუარები გამოიცა მეორედ 1988 წელსაც. მისი დასავლელი გამომცემლის წახალისების მიზნით, გრომიკომ თავის მემუარების ინგლისურ გამოცემაში რამდენიმე მოკლე პარაგრაფი ჩაამატა ჩეხოსლოვაკიის კრიზისის შესახებ, თუმცა ეს პარაგრაფები ნაკლებად მოიცავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქმედებების კრიტიკასა და ავთენტური რეალობის გადმოცემას. თუმცა, ამ საკითხის გარშემო საუბრობს გენერალური კომიტეტის ყოფილი წევრი ვალერი მუსატოვი, რომელმაც საკითხს სტატია მიუძღვნა. მუსატოვმა გაუკეთა კომენტარი შიდა განსჯისა და კამათის პროცესებს მოსკოვში და განიხილა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების მთავრობათა როლი ამ პროცესების ინტერვენციამდე მიყვანის ასპექტში. ასევე ყურადღებას იქცევს, ევროპაში მოღვაწე სუკ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ გორდიევსკის თანაავტორობით გამოცემული წიგნი, რომელშიც საუბარია კრიზისის დროს სუკ-ის როლზე. ის საუბრობს, თუ როგორ იყო დაკავშირებული დაზვერვა ყოფილ საბჭოთა კავშირის უმაღლეს პირებთან, თუ როგორ ხდებოდა სამოქალაქო აგენტების საშუალებით ჯაშუშობა, თუ როგორ ეხმარებოდა საბჭოთა არმიასთავდასხმის დროს პარლამენტის სპეციალური შეიარაღებლი ძალები ინტერვენციიდან მოკლე დროში, 1968 წლის 25 სექტემბერს, ორი მოსაწვევი წერილი იქნა პოლიტბიუროს არქივის სპეციალურ დოსიეში მოთავსებული. წერილების შემცველ საქაღალდეს დაასვეს ბეჭედი სრულიად საიდუმლოდ და პოლიტბიუროს გენერალური დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინ ჩერნენკოს მიერ პირადად იქნა დალუქული, შემდეგი ინსტრიქციებით: "დაცულ იქნეს პოლიტბიუროს არქივში და არ გაიხსნას ჩემი თანხმობის გარეშე". ხმები ინტერვენციის ამ ორი მოსაწვევი წერილის შესახებ გაჟღერდა 1968 წლის აგვისტოს შემდეგ, თუმცა ნამდვილად არსებობდა თუ არა ეს წერილები ეს ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო. ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა 1989 წლის აგვისტომდე, უნგრელი ლიდერის იანოს კადარის გარდაცვალების შემდეგ გამოჩენილ ინტერვიუმდე, სადაც წერილები მოხსენიებულია, როგორც კოლექტიური საჩივარი. ამ ინტერვიუს გამოჩენით უკვე ოფიციალურად დამტკიცდა მოსაწვევი წერილების არსებობა, რომელზეც კადარი შემთხვევით ამბობდა, რომ მას ხელთ 18 ხელნაწერი ქონდა. წერილების ადგილმდებარეობის გასაიდუმლოება მიმდინარეობდა დამატებით 3 წელი, მანამ სანამ 1992 წელს უკვე რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ისინი გადასცა ჩეხოსლოვაკიის მთავრობას. ახლა შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ წარსულში ამ მოსაწვევი წერილების მნიშვნელობა ზედმეტად გაზვიადებული იყო, ვინაიდან და რადგანაც პირველ მათგანზე მხოლოდ კაპეკის ხელმოწერა იყო, ამიტომ ეს წერილი ამის გამო უგუვებელყოფის საბაბს წარმოადგენდა. მეორე წერილს კი არ შეეძლო მოეხდინა პროვოცირება ინტერვენციისათვის. კომუნისტურ პარტიაში ზედმიწევნით გასაიდუმლოებულად ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება ან პირიქით მისი ლიკვიდაცია, კრემლის მესვეურებს ხელი მიუწვდებოდათ ყველანაირ ინფორმაციაზე და ადვილად ამყარებდნენ, დროეულ კომუნიკაციას ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, ამ კოლექტიურმა მოსაწვევმა წერილმა, საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროზე მოახდინა მცდარი შთაბეჭდილება, რომ ჩეხოსლოვაკიაში არსებობდა ალტერნატივა სხვაგვარად გადაწყვეტილიყო საკითხი. ორივე მოსაწვევმა წერილმა საბჭოთა პირველ პირებს შესთავაზა მოხერხებული გეგმა, იმის დასამტკიცებლად, რომ მათი სამხედრო ინტერვენცია განპირობებული იყო კანონიერი მთავრობის მოთხოვნით. რეალურად არსებული მიმართვა "ძმური დახმარების" სახელით, რომელიც 1968 წელის 22 აგვისტოს საბჭოთა პრესაში გამოქვეყნდა, სავარაუდოთ დაწერილი იყო ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის გენერალური კომიტეტის, ჩეხოსლოვაკიის მთავრობისა და ეროვნული ასამბლეის მიერ, რომელტა ვინაობებიც უცნობია. თხოვნა ნაწილობრივ ეყრდნობოდა კაპეკისა და სხვათა მიეწ დაწერილ წერილებსაც. 10 ამგვარად, ორი "მოსაწვევი წერილის" საბჭოთა არქივში აღმოჩენამ, ნათელი მოჰფინა იმას, თუ როგორ ცდილობდა ბილაკის და ინდრას ანტირეფორმისტული კოალიცია 1968 წელს, გავლენა მოეხდინა საბჭოთა კავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი
საბჭოთა ისტორიოგრაფიაზე მუშაობამ, ბეჭვდური გამოცემების, მემუარების და ინტერვიუების განხილვამ ნათელი გახდა ის, რომ ჩეხოსლოვაკიისა და საბჭოთა კავშირის დაზვერვის მაღალჩინოსნები გამიზნულად აზვიადებდნენ "პრაღის გაზაფხულის" მნიშვნელობას. 70-ანი წლების შუა ხანებში საბჭოთა კავშირისა და ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი აგენტებისგან გახდა ცნობილი, რომ ხშირად ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს მიმდინარე მოვლენების შესახებ ზედმიწევნითი სიზუსტით წარმოებული ინფორმაციები არ ეგზავნებდა მოსკოვში შესაბამის თანამდებობის პირებს .1 ეს აღმოჩენა უახლოეს წარსულში დადასტურებულ იქნა ვაშინგტონის განყოფილების სუკ-ის ყოფილი აგენტის ოლეგ კალუგინის მიერ. მან აღწერა, თუ რა პრობლემებს წააწყდა, როდესაც ცდილობდა კრიზისისთვის მიეცა დაბალანსებული შეფასება. საიდუმლო არ არის, რომ სუკ-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების დროს, ეს რა თქმა უნდა ეხება ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე მოვლენებს. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს მათ არქივებში არსებული ინფორმაცია, რომელიც საგულდაგულოდაა დალუქული კრემლის მიერ ან შეიძლება უმეტესწილად განადგურებულიცაა. სუკ-მა ქვეყნის მთავრობაში დათესა შიში იმის შესახებ, რომ ჩეხოსლოვაკია შეიძლება გამხდარიყო გაეროს აგრესიის მსხვერპლი ან მომხდარიყო გადატრიალება, თუ სასწრაფოდ კონკრეტული გდაწყვეტილებები არ იქნებოდა მიღებული. ოლეგ კალუგინი წერს: "ვაშიგტონიდან მე ვაცნობე, რომ ცენტრალური სადაზღვეო სასამართლო (CIA) არ იყო ჩართული პრაღის გაზაფხულის მოვლენებში. მაგრამ ჩემი მცდელობა ვერ თავსდებოდა სუკ-ის იმ კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც ჩეხოსლოვაკიაში უნდა განვითარებულიყო მოვლენები და ამიტომ ჩემი მოხსენებები სუკ-ის ფარგლებს არ გასცდენია. ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უბრალოდ უგულველყოფილ იქნა". სავარაუდოთ, იგივე ბედი ეწიათ სუკ-ის სხვა ანალიტიკოსთა მიერ გაკეთებულ ისეთ შეფასებებს, რომლებშიც ისინი ცდილობდნენ ინფორმაცია დამახინჯებულად არ გადმოაეცათ. სამაგიეროდ, იმ აგენტების მიერ გამოგზავნილი მოხსენებები, რომლებიც აცხადებდებდნენ, რომ შეეძლოთ დაემტკიცებინათ ჩეხოსლოვაკიაში დივერსიული ქსელის არსებობა და დასავლეთის ჩარევა პრაღის გაზაფხულის მოვლენებში, დაუყონებლივ გადაეცემოდა უმაღლეს პოლიტიკურ პირებს.
კრიზისის უმეტეს დროს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა მაღალ ეშელობენში, დიდწილად დამახინჯებული იყო. ოლეგ გორდიევსკისგან მიღებული კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ისიც კალუგინის მსგავსად, როგორც სუკი-ს მაღალჩინოსანი, შუა 80-იან წლებამდე, კარგად ხედავდა, თუ როგორ ამახინჯებდა და მანიპულირებდა ინფორმაციით სუკ-ი ჩეხოსლოვაკიის კრიზისის დროს. გორდიოევსკი ეთანხმება ჩეხოსლოვაკიის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლს, ფრანტიჩეკ აუგუსტს, რომ 1968 წლის დასაწყისიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის საბჭოთა და პროსაბჭოთა აგენტები, პასუხისმგებლები იყვნენ საიდუმლო მონიტორინგი ეწარმოებინათ ჩეხოსლოვაკიის ოფიციალური პირებისა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლების ნებისმიერ მოქმედებაზე. წარმოებდა მუდმივი მეთვალყურეობა, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვანაირი მექანიზმებით, მოსასმენი მოწყობილობებით , სიგნალის დამწერებითა და სიგნალის დაზვერვით და რა თქმა უნდა, პრაღაში მყოფი თანამშრომლების საშუალებით. თანამშრომლებს შორის იყო ჩეხოსლოვაკიის ზოგიერთი ოფიციალური პირი (მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვილიამ სალგოვიჩი) და ასევე ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ჩინოვნიკები (სმრკოვსკის მდივნები). უფრო მეტიც გორდიევსკის თანახმად, სუკის 36-მდე აგენტი დასავლელი ტურისტების საფარით მოქმედებდა ჩეხოსლოვაკიაში კონტრევოლუციონერების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შეგროვების მიზნით.
მაისისა და ივნისში ჩეხოსლოვაკიას ეწვივნენ ძველი მეგობარი თანამებრძოლების მოსანახულებლად საბჭოთა აგენტები გენერალი სკრიპოს ხელმძღვანელობით და აწარმოეს სამხედრო დაზვერვა, რომელმაც მოგვიანებით საბედისწერო გავლენა იქონია მოვლენათა განვითარებაზე. ის პოლიტიკური და სადაზვერვო მასალები, რომელსაც სუკი სხვადასხვა წყაროებიდან ღებულობდა, სასარგებლო იყო არა მარტო ინტერვენციამდე და ინერვენციის განმავლობაში, არამედ ასევე სახელმწიფო უშიშროებისა და ჩეხოსლოვაკიის კოუნისტური პარტიის ოფიციალური პირებს შორის დუბჩეკის მომხრეთა გამოსავლენად და თანამდებობიდან მათ გადასაყენებლად. ჩეხოსლოვაკიის კრიზისის დროს, საკუტარი კვალის დასაფარად , სუკ-მა ჩაატარა რამოდენიმე სხვა ოპერაციაც. ის აგენტები, რომლებიც ტურისტებად იყვნენ გაგზავნილები, ქუჩებში აკრავდნენ ანტიკომუნისტურ პროვოკაციულ პლაკატებს, სადაც იყო მოწოდებები ჩეხებისა და სლოვაკებისადმი, მიებაძათ უნგრეთისათვის და გამოსულიყვნენ ვაშავის პაქტის ფარგლებიდან (როგორც ეს უნგრეთმა გააკეთა 1956 წელს).
საბოლოო ჯამში, სუკ-ის ძალისხმევა ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის რეფორმისტული მოძარაობის მიმართ იყო იმდენად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი, რომ გაურკვეველი რჩებოდა მოსკოვის რეაგირება კრიზისის პერიოდზე, საბჭოთა უშიშროების როლის შესახებ სრული ანგარიშის ნახვისა და გამოძიების გარეშე. სუკ-ის მღელვარება გამოიწვია, ჩეხოსლოვაკიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ პაველის მცდელობამ, შეემცირებინა სუკ-ის გავლენა ჩეხოსლოვაკიაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ღიად განაცხდა მის ოფისში სუკ-ის მიერ შეგზავნილი ექვსი აგენტის ყოფნის შესახებ, რომელთაც მალე დაითხოვდნენ. მოგვიანებით მანვე, ღიად დაახასიათა იარაღების საიდუმლო სანახების აღმოჩენა დასავლეთ ბოჰემიაში, როგორც სუკი-ის პროვოკაცია. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ 1968 წლის სუკ-ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხს აგებენ შიდა უსაფრთხოებაზე, განგაშით განიხილავდნენ ჩეხოსლოვაკიაში არსებულ სიტუაციას. "პრაღის გაზაფხული" იყო დიდი საფრთხე საბჭოთა კავშირის შიდა და საგარეო უსაფრთხოებისათვის. სწორედ ამიტომ იყო უშიშროების თანამდებობის პირთა უმრავლესობა სამხედრო ჩარევის მომხრე. თუმცა არც აქ იყო ერთსულოვნება. ისინი, ვინც პასუხს აგებდნენ საგარეო ოპერაციებზე, შედარებით თავშეკავებულობას იჩენდნენ. იმის გამო, რომ სუკის თითქმის ყველა უმაღლესი პირი შესინებული იყო პრარის გაზაფხულის ექსესებით და ჩეხოსლოვაკიაში მათი სააგენტოს შესაძლო გავლენის დაკარგვით, მათ მიმართეს სადაზვერვო მანიპულაციას. კერძოდ, მათ შეცდომაში შეიყვანეს საბჭოთა უმაღლესი მოხელეები, რომ ინტერვენციის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის მართვის სადავეეები გადავიდოდა ხალხის ხელში. დიდი შანსია იმის, რომ სუკ-ს შედარებით სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა პოლიტბიუროსათვის, ისინი უფრო მეტად დაფიქრდებოდნენ, თუ რა სირთულეები მოჰყვებოდა შეიარაღებულ ინტერვენციას და გაცილებით ფრთხილად იმოქმედებდნენ.
გაზეთი „პრავდა“ და „იზვესტია“
ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საბჭოთა ბეჭვდური გამოცემებს, ვინაიდან მათში კარგადაა ილუსტრირებული საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კურსი და რაც მთავარია, კარგად ჩანს ის მანიპულატორული როლი, რაც ჰქონათ დაკისრებული ბეჭვდით გამოცემებს "პრაღის გაზაფხულის დროს". ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის კი გაზეთი "იზვესტია" იყო, სადაც ინტერვენციის დაწყების დღიდან შუქდებოდა მიმდინარე მოვლენები. პერიოდულად ქვეყნდებოდა სტატიები სადაც დაგმობილი იყო ყველა ანტისოციალისტური ქმედება და ყოველ სტატიაში გამართლებული იყო საბჭოთა ქმედებები.
პირველი მნიშვნელოვანი სტატია ქვეყნდება 20 აგვისტოს, სათაურით "ევროპის უსაფრთხოების გასაღები", სადაც ვრცლადაა საუბარი სოციალისტური ქვეყნების გადარჩენის მნიშვნელობაზე. "ბრატისლავის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საერთოევროპული უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს. განსაკუთრებით მღელვარების ობიექტს წარმოადგენს ნეონაცისტური ძალები ევროპაში, რომლებიც კვლავინდებურად, ახალი ძალებით ცდილობენ დაბრუნებას. საფრთხეზე, რომელიც ემუქრება ევროპას რეაქციული ძალების მხრიდან, აუცილებელია ვილაპარაკოთ ხმამაღლა და უშიშრად. სწორედ ეს გამაფრთხილებელი ხმა გაჟღერდა ბრატისლავაში, მხარეთა შეხვედრაზე ". ამის შემდგომ 21 აგვისტოს ნომერში კი უკვე ქვეყნდება ოფიციალური შეტყობინება სათაურით" ტასის განცხადება ". სტატიაში ნათქვამია, რომ "ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკა მიმართავს თხოვნით საბჭოთა კავშირს და დანარჩენ სოციალისტურ ქვეყნებს გაუწიონ სასიცოცხლო" ძმური დახმარება "ჩეხოსლოვაკ ხალხს, მათ შორის თუ საჭიროა ძალისმიერადაც." სტატიაში ხაზგასმული იყო ამასთან ერთად ისიც, რომ ჩეხოსლოვაკიის საკითხი სასიცოცხლოდ ეხებოდა საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოების ინტერესებს განაგრძონ ცხოვრება სოციალისტური წყობის მიხედვით. ნათქვამი იყო, რომ საფრთხე არა მხოლოდ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობის არსებობა-არარსებობას ეხებოდა, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. სტატია ატყობინებდა საზოგადოებას, რომ იმ დახმარებას რასაც ჩეხოსლოვაკი ხალხი ელოდა საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნებისგან ამ დახმარებას იგი აუცილებლად მიიღებდა, მით უფრო რომ ამას თავად ჩეხი მხარე ითხოვდა. ხაზგასმული იყო ასევე ის, რომ მზაობა განზრახვაზე როგორც ინდივიდულური ასევე კოლექტიური კონსულტაციების შედეგად დაუყონებლივ იქნა მიღებული. საბჭოთა არმია მოკავშირე ქვეყნების არმიასთან ერთად 21 აგვისტოს შევიდა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირი თავის მხრივ ამბობდა, რომ "არმია დაუყონებლივ დატოვებს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიას მას შემდეგ, რაც არსებული საფრთხე ქვეყანაში სოციალიზმის გაქრობისა აღარ იარსებებს და როცა კანონიერი ძალები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ სამხედრო ძალების ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე აღარაა აუცილებელი". ისინი "ძმური ქვეყნების" სახელით ავრცელებენ განცხადებას, რომ "არავის და არასდროს არ მიეცემა იმის საშუალება ამოაგდონ ერთი წევრი ქვეყანაც კი სოციალისტური სივრვიდან". 23 აგვისტოს გაზეთის პირველ გვერდზე მოთავსდა სტატია სათაურით "ძმური კავშირის უსაფრთხოების სახელით". სტატია აგრძელებდა იმ შინაარს, რომელიც გაზეთის წინა (# 195) ნომერში გამოქვეყნდა. გაზეთში კვლავ გამართლებულია საბჭოთა ინტერვენცია დახმარების მოტივით, რომ ქვეყანაში სოციალისტურ წყობას შეექმნა საფრთხე და მომძლავრდნენ კონტრევოლუციური ძალები, რომელთაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არსებული პოლიტიკური რეჟიმის მსხვრევა. ხაზგასმულია ისიც, რომ საკითხის უგუვებელყოფა მათ არ შეეძლოთ, რადგან საფრთხე მიჩნეული იყო როგორც საბჭოთა კავშირისათვის, ასევე მთლიანად "ძმური კავშირისსათვის". სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოებაშიც. სტატიის გვერდზე გამოქვეყნებულია განცხადებები, სადაც ერთმნიშვნელოვნადაა გამართლებული კრემლის ქმედება. სტატიაში "მუშათა სოლიდარობა", სადაც პრაღის მოვლენებზე საუბრობენ ქარხნა "წითელი ოქტომბრის" მუშები გეორგი ლიჩმანოვი და ვალერი პულევი ნათქვამია, რომ მათ დიდი ხანია აღელვებთ სოციალიზმის ბედი ჩეხოსლოვაკიაში. ისინი მხარდაჭერას აღუთქვამენ ჩეხ მოსახლეობას და ამართლებენ საბჭოთა ქმედებას. "არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენ გვეწვია დელეგაცია ბრატისლავიდან, ისინი დარწმუნდნენ თუ რაოდენ დიდი სიმპატიით ვართ ჩვენ განწყობილნი ჩეხოსლოვაკი ხალხის მიმართ. დაე საუკუნეებმა განამტკიცონ ეს მეგობრობა "ნათქვამია განცხადებაში. იგივე შინაარსის სტატია ქვეყნდება გაზეთის 196 ნომერში სათაურით "ურალელთა სიტყვა", სადაც სოციალისტური შრომის გმირი ა. ხრამცოვი ემოციების გარეშე ვერ საუბრობს ჩეხოსლოვაკ ხალხზე და მათთან მეგობრობაზე. პრაღის მოვლენებს მიეძღვნა ასევე სტატია სათაურით "საჭირო ნაბიჯი", სადაც სოციალისტური შრომის გმირი ი. ანუფრიევი სრულად მხარს უჭერს და მიესალმება საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას შეეყვანათ შეიარაღებული ძალები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. დიდი სტატია გამოქვეყნდა გაზეთის პირველ გვერდზე, რომელიც მთილანად ეძღვნებოდა ჩეხოსლოვაკ ხალხს, სადაც გაჟღერებულია ყველა მოსაზრება და მსჯელობა იმის შესახებ თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა კონტრევოლუციური ძალებისათვის მხარის აბმას.
მთავარი საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო "სტასი" პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. 23 აგვისტოს გაზეთ "იზვესტიის" ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მიეძღვნა საერთო სოციალისტურ სივრცეში მოარსებე ქვეყნებს, კვლავ გაჟღერდა საერთო კომუნისტური და სოციალური ლოზუნგები. ასევე მეტი დამაჯერებლობისათვის ქვეყნდება სტატია სათაურით "პროლეტარული სოლიდარობა ქმედებებს", სადაც ნათქვამია, რომ უცხოეთის პროგრესირებადი ძალები სრულად უჭერენ მხარს საბჭოთა ქმედებებს. გაზეთის თქმით, ამ ქვეყანათა რიგს განეკუთვნება პოლონეთი, რომელსაც არ შეეძლო უარი ეთქვა ჩეხოსლოვაკიისათვის. ასევე ბულგარეთი, უნგრეთი, გდრ, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები (ДРВ), ინდოეთი და ალჟირი. მნიშვნელოვანად იყო განხილული ასევე ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების როლი. გამოქვეყნდა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის ლუდვიკ სვობოდას განცხადება, სადაც იგი თავის მოქალაქეებს მიმართავს სიტყვით და მოუწოდებს თავის ხალხს სიმშვიდიდკენ და გონიერებისკენ. დიდი ადგილი დაეთმო სტატიას სათაურით "სოციალიზმის დაცვა - უდიდესი საერთაშორისო ვალდებულება", 7 სადაც საუბარია 1943 და 1963 წლების შეთანხმებებზე, რომლებიც კიდევ უფრო ამყარებდა მათ ურთიერთდახმარების შესახებ არსებულ წარმოდგენებს. "ძმური მეგობრობა" და სამხედრო ალეანსი სსრკ-სა და ჩეხოსლოვაკიას შორის ჩამოყალიბებული იყო ხელშეკრულებაში, მეგობრობის, ურთიერთდახმარების და ომის შემდგომ თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა პირველად ჯერ კიდევ 1943 წელს და შემდგომ მისი განახლება მოხდა 1963 წელს. "ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი სახელმწიფოები, პარტიები და მოსახლეობა ვალდებულნი არიან წავიდნენ ერთმანეთის დასახმარებლად, როდესაც საფრთხე ემუქრება საზღვრებს და სოციალიზმის მიზნებს "ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული იყო, რომ კონტრევოლუციონერული ძალები ეწეოდნენ ქვეყანაში კომუნისტური პარტიის დეგრადირებას და შეუძლებელს ხდიდნენ მათ ეარსებათ ერთ პოლიტიკურ სივრცეში. ყოველივე ამაზე კი იმიტომ ხდებოდა აქცენტის გაკეთება, რათა გაემართლებინათ თავიანთი ქმედებები და დაერწმუნებინათ საზოგადოება ამ ქმედებების მართებულობაში. ამას ერთვოდა ვ. რუდნევის სტატია სათაურით "როგორ ექმნებოდა საფუძველი კონტრევოლუციურ ძალებს ჩეხოსლოვაკიაში", სადაც განხილული იყო ოპოზიციონერთა პოზიციები, თუ როგორ იქმნებოდა ქვეყანაში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, ნიშნის მოგებით იყო საუბარი შეთქმულებებზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა კონტრეველუციენერთა ვინაობებზე. "არავისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩეხოსლოვაკიაში მომძლავრდა რეაქციული ძალების გავლენა, რომლებიც მეტწილად განაპირობებენ ქვეყანაში პოლიტიკური ამინდის შექმნას". ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ გაზეთში "წითელი სიმართლე" ა. ჩერნიმ გამოქვეყნა ღია წერილი, რომელიც ეძღვნებოდა "კლუბ -231" მდივანს. წერილის ავტორი ბრალს დებს წერილის ადრესატს სპეკულიანტობაში და მოღალატეს უწოდებს მას. ასეთი მაგალითები მრავლადაა მოყვანილი საბჭოურ გამოცემებში, საბჭოთა მხარე ნებისმიერი ფაქტით ცდილობდა მანიპულაციას, ფაქტების დაკავშირებას და მათ სათავისოდ გამოყენებას.
მალევე "იზვესტიაში" ქვეყნდება სტატია სათაურით "მიმართვა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქეებს". აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში მოწოდებების გაჟღერება ხდება საერთო სოციალისტური ბანაკის ქვეყნების სახელით. სტატიას ხელს აწერენ ბულგარეთის, უნგრეთის, გდრ-ის, პოლონეთის და საბჭოთა კავშირის მესვეურები. სტატიიდან ამონარიდი "დღეს დასახმარებისთვის თქვენთან მოვიდნენ თქვენი ძმები, ისინი მოვიდნენ არა იმიტომ, რომ ჩაერიონ თქვენს შიდა საქმეებში არამედ იმიტომ, რომ აღვკვეთოთ ქვეყანაში კონტრევოლუციონისტური ძალების მომძლავრება, ვიბრძოლოთ სოციალისტური წყობილების გადარჩენისათვის და თავიდან ავიცილოთ საფრთხე, რომელიც შეექმნა თქვენს დამოუკიდებლობას. "ძმური კავშირის" ქვეყნების არმია მოვიდა თქვენთან, რათა ვერავინ შეძლოს თქვენთვის თავისუფლების წართმევა, როგორც ეს ვერ მოახერხა ფაშიზმა. ვიბრძოლოთ, რათა არავინ შეგიშალოთ ხელი სოციალიზმის შენების გზაზე. გაუმარჯოს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკას! გაუმარჯოს მეგობრობას და ძმობას სოციალისტურ ქვეყნებს შორის. "
"იზვესტია" პერიოდულად ატყობინებდა მოსახლეობას ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. გაზეთი აქვეყნებს სტატიას სათაურით "ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის ლუდვიკ სვობოდას ვიზიტი მოსკოვში", 9 რომელსაც თან დართული აქვს ფოტოც, სადაც აღბეჭდილია თუ რა დიდი სიხარულით შეხვდნენ მხარეები ერთმანეთს. შეხვედრა მოხდა 23 აგვისტოს, მაშინ როცა ჩეხოსლოვაკიის მესვეურები, ყველა მნიშვნელოვანი პირი სახელმწიფო აპარატში, დუბჩეკის თანამოძმეები ძალისმიერად გადაიყვანეს მოსკოვში. რა თქმა უნდა ლუდვიკ სვობოდას შუამდგომლობით დუბჩეკი და დანარჩენი სახელმწიფო მოხელეები დააბრუნეს ქვეყანაში, თუმცა შეხვედრას ესე მშვიდად მაინც არ ჩაუვლია, რის წარმოჩენასაც ასე გულმოდგინებით ცდილობდა საბჭოთა გაზეთი. საინტერესო სტატია გამოქვეყნდა სათაურით "ინტერნაციონალიზმის შეურყეველი ერთგულება". ეს და სხვა მრავალი სტატია დაიწერა სოციალისტურ მოტივებზე, რათა ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პროცესები შეეფასებინათ, როგორც ანტისოციალისტური საფრთხე და საბჭოთა საზოგადოებაში გაეჩინათ ღრმა პროტესტი ქვეყანაში დაწყებული დემოკრატიული პროცესების მისამართით.
გაზეთი გულმოდგინებით აქვეყნებდა სტატიებს იმის შესახებ, რომ საბჭოთა ძალების შესვლას ქვეყანაში ჩეხი მოსახლეობიში დიდი პროტესტი არ გამოუწვევია, რომ პირიქით ბევრი მათგანი მიესალმებოდა კიდეც მათ გამოჩენას, 10 რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჩეხური მასალების მიხედვით, მოსახლეობა საბჭოთა ძალებს დიდი წინააღმდეგობითა და უმეტესად თვითორგანიზებით შეხვდა. ისინი საბჭოთა არმიას არასწორ მიმართულებებს აძლევდნენ, უხვედრებდნენ წინააღმდეგობებსა, ბარიკადებს და საერთოდაც მაქსიმალურად უზღუდავდნენ გადაადგილებას. თვით ორგანიზებულობის არნახულმა მაჩვენებელმა კიდევ უფრო გააძლიერა სტუდენტური გამოსვლების ტალღა და სანაცვლოდ საბჭოთა აგრესია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერვიუები, რომელებიც 1989 წელს გამოჩნდა გაზეთ "იზვესტიაში". გამოქვეყნებული იყო ინტერვიუები საბჭოთა პოლიტბიუროს წევრთან, კირილ მაზუროვთან და ინტერვენციის დროს საბჭოთა გენერალთან ივან პავლოვსკისთან. ისინი ღიად საუბრობდნენ კრიზისის დროს თავიანთი როლის შესახებ, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა უამრავი დეტალი. საბჭოთა გაზეთებმა და გამოცემებმა ასევე დაიწყეს ჩეხოსლოვაკიის მხარის ყოფილი ჩინოვნიკების ინტერვიუების გამოქვეყნება. მათ შორის იყო ჟდანეკ მლინარის, ოლდრიჩ ჩერნიკის, ჟირი ჰაჯეკის, ჟირი პელიკანის და სხვათა ინტერვიუები. ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე ჩეხოსლოვაკიაში ასეთ თემებზე ღია მსჯელობა აკრძალული იყო. ხოლო კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ ზეწოლა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპელი ჟურნალისტები განიცდიდნენ, საერთოდ გაქრა.
საბჭოთა იდეოლოგია გამორიცხავდა ინდივიდუალური, დამოუკედებელი მოქმედების ოდნავ მცდელობასაც კი. კრემლი ცდილობდა კონტროლის შენარჩუნებას, კარგად ქონდა გათვითცნობიერებული, რომ ჩეხოსლოვაკიაზე გავლენის დაკარგვას მოყვებოდა საბჭოთა კავშირის რღვევაც. ეს პროცესი მხოლოდ რამოდენიმე ათწეულით გადაიდო, თუმცა "პრაღის გაზაფხულს" არც ოკუპაციის პერიოდში და არც შემდგომ მშვიდად არ ჩაუვლია. შემოჭრას მოყვა ემიგრაციის მანამდე არნახულად დიდი ტალღა და მალევე შეწყდა ინტერვენციის დასრულების შემდეგ. თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს და საბჭოთა სისტემას არ ემორჩილებოდნენ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და დევნიდნენ. რამდენჯერმე დააპატიმრეს ჩეხეთის მომავალი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ანტისაბჭოური შემოქმედების გამო, კომუნისტურმა საზოგადოებამ გარიყა და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობდა.
გაზეთი "იზვესტიისგან" განსხვავებით გაზეთმა "პრავდამ" ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში აქტიურად დაიწყო აგიტირება სოციალისტური თემატიკით. ორივე გამოცემა ყოველთვის გულმოდგინედ აქვეყნებდა აურაცხელ სტატიებს სოციალიზმის, მუშათა კლასის და კომუნისტური იდეოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ, ასევე სოციალიზმისა და კაპიტალისტური იდეოლოგიის მტრობაზე, იმპერიალისტური ძალების ბრძოლაზე და იმაზეც, რომ აშშ არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროგრესირებადი ძალები შეაჩერონ და შეაფერხონ მიმდინარე რევოლუციონერული პროცესები. 20 აგვისტოს "პრავდის" გამოცემაში ნათქვამია, რომ "მთელი რიგი ავანტიურისტული სვლების, სამხედრო ძალებით მანიპულაციის შემდგომ იმპერიალისტები მიმართავენ უკვე პოლიტიკური და იდეოლოგიურ ბრძოლას სოციალიზმის და სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ". სტატიაში "შეურიგებელი ბრძოლის ფრონტზე" აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირი და მისი მოძმე კომუნისტური და მუშათა პარტიები ერთობლივი ძალებით აპირებენ გაიბრძოლონ ყოველგვარი ბურჟუაზიული იდეოლოგიის წინააღმდეგ და მოყავთ ვ.ი. ლენინის სიტყვები: "ჩვენი მიზანია - ვიბრძოლოთ კაპიტალიზმის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ, ეს ბრძოლა არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო, არამედ ერთობლივი, ღრმა და ძლიერი."
გაზეთი "პრავდა" ცდილობს მკითხველის ყურადღება გაამახვილებინოს განსაკუთრებით იმ სტატიებზე, რომლებშიც საუბარია ჩეხოსლოვაკიის მუშათა კოლექტივის მზაობაზე და კეთილგანწყობაზე მიმდინარე პროცესების მიმართ. სტატიებიდან კარგად ჩანს მუშათა კლასის ლოიალური დამოკიდებულება და განწყობა მიმდინარე მოვლენების მიმართ. ჟურნალისტები ვ. ჟურავსკი და ვ. მაევსკი აქვეყნებენ სტატიას სათაურით "კიდევ ერთხელ ჩეხოსლოვაკი მუშების წერილის შესახებ", სადაც კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას ჩეხურ გაზეთებში დაბეჭდილ წერილებზე.
ჩეოსლოვაკიაში შეჭრის გასამართლებელი სტატია გამოქვეყნდა "პრავდის" გამოცემაში უკვე 1968 წლის 22 აგვისტოს, სადაც საბჭოთა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ: "სოციალიზმის თავდაცვა არის ინტერნაციონალისტების უდიდესი მოვალეობა". კვლავ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩეხოსლოვაკიის სოციალური რესპუბლიკის პარტიამ და ლიდერებმა თხოვეს საბჭოთა კავშირს და მოკავშირე ქვეყნებს, მოძმე ჩეხოსლოვაკიისათვის გაეწიათ გადაუდებელი დახმარება, მათ შორის ძალისმიერიც. თხოვნა მოტივირებული იყო კონტრევოლუციური ძალების მოქმედებით შეთქმულებაში სოციალიზმისადმი მტრულად განწყობილ გარე ძალებთან ერთად. ეს კომბინირებული ძალები საფრთხეს უქმნიდნენ სოციალისტური სისტემის არსებობას ჩეხოსლოვაკიაში და ასევე კონსტიტუციის მიერ განსაზღვრულ ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოებრიობას. ისტორიული გადაწყვეტილების მიღების დახმარების თხოვნასთან დაკავშირებით მიმართვა სავსებით გამართლებული იყო ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ჯგუფის წევრების, მთავრობის და ეროვნული ასამბლეის მიერ, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "პრავდაში". ეს აუცილებლობა გამოწვეული იყო ძმათამკვლელეთა ბრძოლის გამო, რომელიც მზადდებოდა რეაქციული ძალების მიერ ქვეყანაში. გაზეთი აქვეყნებს "სტასის შეტყობინება" -ს იმის შესახებ, რომ სსრკ-ს და სხვა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებმა გადაწყვიტეს შეასრულონ ზემოთ აღნიშნული თხოვნა და გაუწიონ ყველა საჭირო დახმარება მოძმე ქვეყანას და რომ მოძმე სოციალისტური ქვეყნები ამით შეასრულებდნენ მათ ერთობლივ ინეტერნაციონალურ მოვალეობას.
ორივე საბჭოთა გაზეთი აჟღერებდა ერთმანეთის მსგავს ინფორმაციას. თითეულ მათგანში, ყოველ სტატიაში ვაწყდებით მოკავშირე ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ მოწოდებებს ჩეხი ხალხის მისამართით, მუშათა კლასის წარმომადგენლების ინტერვიუებს, სადაც საუბარია და გამართლებულია საბჭოთა მოტივები. ნაკლები სიხშირით შუქდებოდა ამერიკული და უცხოური მასმედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუები და სტატიები, უმეტესწილად ქვეყნდებოდა პროსაბჭოური სტატიები. არცეთ საბჭოურ გაზეთში არ იყო გაშუქებული ევროპაში (მათ შორის მოსკოვში, წითელ მოედანზე) მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ რაიმე ინფორმაციასაც კი, რათა არ მოყოლოდა საზოგადოებაში ყოველივეს ანტი-საბჭოთა პროპაგანდა. აქციებში მონაწილე ყველა პიროვნება დააპატიმრეს ანტი-საბჭოური პროკლამაციების გავრცელების გამო.
საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ გაზეთები ნატოსა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე საუბარს. ბოლო წლებში გაირკვა, რომ 1968 წელს საქმე მხოლოდ იმას არ ეხებოდა, დათანხმდებოდა თუ არა ჩეხოსლოვაკიის მთავრობა საბჭოთა ჯარების შემოსვლას, არამედ პრაღის გაზაფხული ჩაშლიდა საბჭოთა პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა საიდუმლო ბირთვული იარაღის ქსელურ განლაგებას ევროპის რამოდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩეხოსლოვაკიის შემთხვევაში ბირთვული საკითხი პრობლემატური იყო, რადგან იქ საბჭოთა ჯარები არ იყო ბაზირებული 1945 წლის შემდეგ. რამდენიმე ასეულობით ათასი საბჭოთა ჯარების ყოფნა აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლონეთსა და უნგრეთში, ხელს უწყობდა ბირთვული იარაღის ახლო მანძილზე განლაგენბას ამ ქვეყნებში. დასავლელი მკვლევარის, ლაურენ ვეტენას აზრით, საბჭოთა ჯარების არყოფნა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე იყო აშკარა სისუსტე ვარშავის მოლაპარაკების თავდაცვისუნარიანობაში. ის ფიქრობს, რომ ვარშავის მოლაპარაკების სუსტი მხარე იყო ბირთვული იარაღის განლაგების საშუალების არქონა ჩეხოსლოვაკიაში, ვინაიდან აქ საბჭოთა კავშირს არ ჰყავდა შეიარაღებული ძალები. სწორედ ამიტომ, ეს იყო ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი, რის გამოც, პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციის შესახებ.
სტატის II თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის III თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html
http://fidessy.blogspot.com/2016/10/ii.html
სტატის III თავი, იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/iii.html
სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html
ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment