Sunday, October 9, 2016

მირაჟი: პლურალისტული პარლამენტი

თევზმა თევზს უთხრა: - ცოტა იქით მიიძარიო...
                                           - საით მივიძრა.. ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო




        სანამ ქართველი საზოგადოება და თავად ეს ორი პარტია მიხვდება აკვარიუმში არიან თუ ტაფაზე... მანამ სამგლოვიაროს რა დაგვილევს. პლურალისტური პარლამენტის შესახებ მოლოდინები ისეთივე მირაჟული გამოდგა, როგორც ოცნების დაპირებები 2012 წელს. მანდატების მოპოვებისათვის ბრძოლა კვლავაც გრძელდება. მრავალპარტიული პარლამენტის პრაქტიკაში დამკვიდრება დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, თუმცა ეს ყოველივე დღევანდელი პოლიტიკური გარემოსათვის ზედმეტ ფუფუნებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. 

    მრავალპარტიული სისტემა პარლამენტში საშუალებას მიცემდა საზოგადოებას, მიეწვდინათ საკუთარი ინტერესები, პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით მთავრობისათვის. ორპარტიული სისტემა კი კოლაფსში აქცევს საზოგადოებრივ აზრს და აფერხებს დემოკრატიული  პროცესების სწრაფ განვითარებას. 

   როცა საქმე პროგნოზების გაკეთებას ეხება ყველანი ჰარი-ჰარელესავით ისვრიან მათ, როგორც დაპირებებს წინასაარჩევნოდ. მთავარია პოლიტიკოსმა გააკეთოს სენსაციური განცხადება იმ წუთისათვის და როგორც პეპელა, ეს განცხადებაც ერთი დღე ცოცხლობს მხოლოდ.

 ქართველ პოლიტიკოსებს ურჩევნიათ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს, რომლებსაც ისინი მომავალში გააკეთებენ.  "ვაი ექსპერტები" ძალიან შორს არიან რეალობისგან. მათი საქმე არ არის უბრალოდ ეს სფერო იმიტომ, რომ არ შეიძლება ფეხბურთს  თამაშობდე და საერთოდ არ იცოდე წესები, ან პროგნოზს ვერ აკეთებდე, თუ როგორ დამთავრდება თამაში.  

  რაც შეეხება ივანიშვილს, ქვყანაში სწორედ იმიტომაც არიან პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომ მათ უნდა გამოთქვან აზრები და მოსახლეობას მისცენ რჩევები. ბიძინა ივანიშვილი კი არც ერთია და არც მეორე, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებს და ოქროს თევზივით პირში წყალჩაგუბებულ განაგრძობს სურვილების შესრულებას.

  ერთი თევზი აკვარიუმში გვეყოლება და მეორეც ტაფაზე, აი ასეთია ხალხის ბუნება. ერთი აქედან ოქროსთევზია და ვალდებულია სურვილები აგვისრულოს თუ არ უნდა, რომ ტაფაზე მოხვდეს, მეორე კი უკვე ტაფაზე გვყავს  და თუ ჭკვიანად არ იქნება კარგადაც დავბრაწავთ, დამშეული ხალხის ყბაში ჩავარდნას კი მტერსაც არ ვუსურვებ.



ნათია თათარიშვილი

No comments:

Post a Comment