Thursday, October 13, 2016

ოცნებას ფიქრი ჯობია

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები”ქართული ოცნების” პოლიტიკური ცხოვრების დასასრულის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. ჩატარებულმა არჩევნებმა ერთგვარად პულსი გაუსინჯა უმრავლესობის სიცოცხლისუნარიანობას. 2012 წელის არჩევნებისას ქართველმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, წლევანდელ არჩევნებში კი ამომრჩეველთა უმრავლესობას მოუწია არჩევა ცუდსა და უარესს შორის, ხმის მიცემა არა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, არამედ “ნაცმოძრაობის” საწინააღმდეგოდ.

ამომრჩევლისგან განსხვავებით, რესპუბლიკურმა პარტიამ ყოველთვის იცოდა, რა სურდა და ვისი მეშვეობით შეეძლო საწადელის მიღწევა. თუ პოლიტიკურ სარბიელზე ამ პარტიის მიქცევ-მოქცევას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ,რომ რესპები ხელისუფლებაში ნომინალურად მოსვლას მუდმივად მეორე, დომინანტი მოკავშირე ძალის ხარჯზე აღწევდნენ: ხან _ შევარდნაძის, ხან _ სააკაშვილის, ხანაც ივანიშვილის პარტიებთან ალიანსის შედეგად. ამ უნარის გამო ოპონენტები მათ ხშირად პოლიტპარაზიტებსაც უწოდებდნენ. და მართლაც, რესპუბლიკური პარტია იყენებდა რა ლოკომოტივს პარლამენტში სესასვლელად, სუფრიდან იღებდა გარკვეულ ულუფას და მოგვიანებით რადიკალურ მემარჯვენე-ცენტრისტული განწყობით შემოუტრიალდებოდა ხოლმე თავის მოკავშირეს. იმ ჭაში ჩაფურთხება, საიდანაც წყალს სვამდა, რესპუბლიკურ პარტიას ჩვევად ექცა.
 2011 წელს “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში 3 პოლიტიკური პარტია შევიდა: ირაკლი ალასანიას “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”; დავით უსუფაშვილის საქართველოს რესპუბლიკური პარტია და კახა შარტავას “ეროვნული ფოუმი”. ოდნავ მოგვიანებით კოალიციას შეუერთდნენ “კონსერვატორები” და “მრეწველები”. თუ ქართულ პოლიტიკურ რეტროსპექტივას ყურადღებით გადავავლებთ თვალს, წავაწყდებით ბევრ მაგალითს, როდესაც პარტიები ერთიანდებოდნენ ერთი მიზნით. რესპუბლიკელებს მსგავსი გამოცდილება 2003 წლის არჩევნებშიც ჰქონდათ, როცა “ვარდების რევოლუციის” გზით სააკაშვილთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხოლო როდესაც სააკაშვილმა ისინი მოიშორა, როგორც აბეზარი პარაზიტები, “ქართულ ოცნებას” მიეკედლნენ.
რას უნდა ველოდოთ ამჯერად? პოლიტიკური დეჟავიუს კვალდაკვალ კიდევ რამდენჯერ უნდა მოახდინოს ამ პარტიამ რეინკარნაცია? პარლამენტის კარი, სულ ცოტა, 4 წლით დაიხურა რესპებისთვის. მართალია, დავით უსუფაშვილი კვლავ ლამობს ევერესტის დაპყრობას, იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც არ აუცურდეს ფეხი და შუა გზაზე არ მიატოვოს საქმე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. იგი კვლავინდებურად თავისი პოლიტიკური სქემის ერთგული რჩება, როგორც იტყვიან, პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი _ ახალიო.
ყოფილი ქოცები დღეს გაცოფებულები არიან თავიანთ გურუზე. “ქართულ ოცნებას” კი რესპუბლიკელებისა და ალასანიას პარტიიდან განდგომით პარტიული პაუპერიზაციის (მშრომელთა მასობრივი გაღატაკება ექსპლუატაციაზე დაფუძნებული კლასობრივი საზოგადოების პირობებში _ნ.თ). პერიოდი უდგათ, თუ, რა თქმა უნდა, ყოფილ თანამებრძოლებზე გული არ შემოუბრუნდათ. კოალიციის დატოვებით ყოფილმა თანაგუნდელებმა ვაი-ვიშის ძახილით მხოლოდ ფართხალი შეძლეს ისედაც ამღვრეულ წყალში. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებით დაანახვა ორივე პარტიას თავისი რეალური ძალა, ის, რომ მათ გარეშე ისინი პოლიტიკური გვამები არიან _ კარგია, რომ ივანიშვილი, როგორც იქნა, დარწმუნდა რესპების უმაქნისობაში, თორემ თვით რესპუბლიკელებმა და ამომრჩეველმაც, დიდი ხანია, ეს იციან და ხსენებულ პარტიას “ერთპროცენტიანის” იარლიყიც კარგა ხანია, მიეკერა.
გახსოვთ, ალბათ, ვანო მერაბიშვილის ფრაზა, ორ გვამს რომ ითხოვდა “მუხროვანის ამბოხისას”... სხვა საკითხია, როგორ შეასრულა “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა, მაგრამ ქართველმა ამომრჩეველმა შეასრულა ვანო მერაბიშვილის მოთხოვნა და ამ არჩევნებზე ორი “პოლიტიკური გვამი” დადო _ ერთპროცენტიანი რესპებისა და ნახევარდაშლის სტადიაში მყოფი “თავისუფალი დემოკრატების”.
 “ბიძინა ივანიშვილის პარტია” ქართველმა საზოგადოებამ სამართლიანობის აღდგენისა და რეჟიმის გასამართლების იმედით აირჩია. სანაცვლოდ კი მიიღო კოაბიტაცია, “ქართულ ოცნებაში” პორტირებული ნაცები, უქნარა პრეზიდენტი, დედაქალაქის უნიათო მერი და კვლავ “ნაცმოძრაობა”, ციხის ნაცვლად, პარლამენტში, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია. მოკლედ, შანსი, რომ უახლოეს 4 წელიწადში ივანიშვილი და მისი გუნდი, #41 ამომრჩევლის ცნობიერებაში მხსნელიდან ალი ბაბად და ორმოც ყაჩაღად ჩამოყალიბდეს, დიდია.


 ნათია თათარიშვილი

No comments:

Post a Comment