პასუხი ჩეხ ხალხს
"ცივი ომის" შემდგომ ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო აშკარა დაპირისპირება გამოიწვია აწ უკვე ორ, კომუნისტურ და კაპიტალისტურ ბანაკებად დაყოფილ ქვეყნებს შორის. საერთაშორისო კომფლიქტების სერიას განეკუთნებოდა ასევე "პრაღის გაზაფხულიც", რომელმაც მნიშვნელოვნად ბიძგი მისცა პოლიტიკური ლიბერალიზაციის პერიოდის დაწყებას არამარტო საბჭოურ სივრცეში, არამედ მთელს ევროპაში. ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ინიციატივით ქვეყანაში დაიწყო სოციალური და კულტურული ლიბერალიზაციის ეტაპობრივი პროცესი, რაც თავის მხრივ შეუმჩნეველი არც დასავლეთისათვის არ დარჩენილა.
ჩეხოსლოვაკიაზე ინტერვენციის განხორციელების პირველსავე ღამეს აშშ-მ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, პარაგვაიმ და დანიამ დაუყონებლივ მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოსთან შეხვედრა. ინტერვენციის მეორე დღეს, შუადღისას გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავისი პოზიციების გაჟღერება დაიწყეს. ჩეხოსლოვაკიის ელჩმა იან მუზიკმა რა თქმა უნდა დაგმო საბჭოთა არმიის შემოჭრის ფაქტი, ხოლო საბჭოთა ელჩმა იაკობ მალიკმა თავის მხრივ ვარშავის პაქტის ქმედებებები გაამართლა იმით, რომ ეს იყო "მოძმეთა დახმარება" ქვეყანაში ანტისოციალური ძალების წინააღმდეგ. მიუხედავად ყველაფრისა ჩანს, რომ ევროპისათვის და აშშ-თვის ჩეხოსლოვაკიაში განხორციელებული ინტერვენცია მოულოდნელი იყო. დასავლეთის რამოდენიმე ქვეყანამ ფაქტზე რეაგირება იმით მოახდინა, რომ გამოცემულ იქნა რამოდენიმე რეზოლუცია, სადაც ღიად იგმობოდა საბჭოური ქმედებები და მოუწოდებდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნებს არ მიეღოთ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში, დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია დაუყონებლივ. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი კრიტიკა იყო, დასავლეთის ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებებს რეალური ცვლილება არ მოუხდენია.
შეერთებული შტატების რეაქცია ინტერვენციაზე თავშეკავებული იყო. თეთრი სახლი სიტყვიერი განცხადებებით შემოიფარგლა. ნიშანდობლივი იყო თავის მხრივ, აშშ-ს ელჩის ჯორჯ ბოლის განცხადება, იგი ამბობს, რომ "იმ სახის ძმური დახმარება, როგორიც საბჭოთა კავშირმა გაუწია ჩეხოსლოვაკიას, ზუსტად იმის მსგავსია, რაც კაენმა გაუკეთა აბელს". ამის შემდგომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს შემდეგ განცხადებას, რომ "ვარშავის პაქტის ძალების ქმედებამ ჩეხოსლოვაკიაში და შემდგომში განვითარებულმა პროცესებმა აშკარა კვალი დაამჩნია ევროპაში შექმნილ სამხედრო ვითარებას, შეიცვალა სტატუს-კვო. ცენტრალურ ევროპაში არის გაცილებით დიდი სამხედრო ძალა, ვიდრე აქამდე ყოფილა ომის შემდგომ პერიოდში. ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ოკუპაციის მიზნით, საბჭოთა ჯარები დგანან იმ ქვეყანაში, სადაც არ მდგარან II მსოფლიო ომის შემდგომ. ჯერ-ჯერობით არ არსებობს არანაირი გარანტია, ვარშავის პაქტის ჯარები დაბრუნდებიან მალე თავიანთ დისლოკაციის ადგილზე, იქ სადაც იყვნენ 6 კვირის წინ. დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ვითარებისა და ძალთა ბალანსის ცვლილება ძალიან მნშვნელოვანია აშშ-ს უსაფრთხოებისათვის და ასევე მისი მოკავშირეებისათვის. ამ მოვლენების ფონზე ამერიკელები განიხილავენ თავის მოკავშირეებთან ერთად, თუ რა აზრი შეიძლება ქონდეს რაიმე სახის შეთანხმებას მათი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ხოლო პროცესების მთავარი სამჯავრო იქნება ნატო ".
ევროპაში მოვლენების საპირწონედ მაინც ბირთვული ომის საფრთხე ითვლებოდა, მხოლოდ ეს შეიძლებოდა ქცეულიყო საბჭოური ძალების უკანდახევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მიუხედავად იმისა, რომ უმწვავესი რეაქცია ქონდათ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ინტერვენციაზე რეალურად მათ განცხადებებს ვითარება არ შეუცვლიათ.
დასავლეთის ქვეყნების მიერ შემუშავებულმა პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შიგნით. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მინიმუმამდე შეეზღუდათ ურთიერთობა და ყველანაირი კონტაქტი საბჭოთა კავშირთან და ასევე ვარშავის პაქტის ქვეყნებთან. ავტომატურად გაუქმებულ იქნა დაგეგმილი და შეთანხმებული პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ვიზიტები, ღონისძიებები. ეს იყო ერთგვარი პროტესტი, რასაც თავის მხრივ გარკვეული სახის შედეგიც უნდა მოყოლოდა, როგორც იყო ჩაფიქრებული. თუმცა იყვნენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ცდილობდნენ თავი აერიდებინათ ისეთი ქმედებებისათვის, რომელსაც შესაძლოა ზიანი მიეყენებინა საბჭოთა კავშირთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სამომავლო ურთიერთობებში, რაც თავის მხრივ შეუძლებელს გახდიდა პარტნიორული ურთიერთობის პირვანდელი სახით აღდგენას. ასეთი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნებოდნენ საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ქვეყნები. თუმცა იყვნენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებმაც დაუყონებლივ მოახდინეს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. პირველი მათ შორის ალბანეთი იყო, რომელმაც ვარშავის პაქტიდან გამოსვით დაგმო დამოუკედებელ ჩეხოსლოვაკიაზე ინტერვენცია. ასევე სამხედრო ინტერვენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა კომუნისტურმა რუმინეთმაც. ერთ-ერთი პირველი იყო ასევე ნოკოლაე ჩაუშესკუ, რომელმაც ბუქარესტში, ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის დღეს გამართა სახალხო დემონსტრაცია და თავის გამოსვლაში დაგმო აღნიშნული ფაქტი. იგი იყო დუბჩეკის რეფორმატორული იდეების მომხრე და საბჭოთა კავშირის შეურიგებელი ოპონენტი. ნიკოლაემ მოსახლეობას მოუწოდა აეღოთ იარაღი ქვეყანაში ნებისმიერი მსგავსი მანევრის შემთხვევაში. მისმა მოწოდებებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში და დარაზმა ისინი ახლად ფორმირებულ შეიარღებულ სამამულო გვარდიაში ჩასარიცხად.
მოვლენები დაიგმო ასევე თავად საბჭოთა კავშირშიც, 25 აგვისტოს წითელ მოედანზე გამოჩნდა ბანერები ანტი-ინტერვენციული ლოზუნგებით, დემონსტანტები გმობდნენ შეჭრის ფაქტს და სოლიდარობას უცხადებდნენ ჩეხ ხალხს. რა თქმა უნდა დემონსტრაციაში მონაწილე პირები შემდგომში დაკავებულ იქნენ და გაასამართლეს ანტისაბჭოური ლოგუნგებით აგიტირების გამო. მსგავსი საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა აგორდა დასავლეთის ქვეყნებშიც, მათ შორის იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა პროტესტს საწყის ეტაპშივე მიექცა სათანადო ყურადღება და მიიღებულ იქნა ყველა საჭირო ზომა რათა არ ჰქონოდა ფაქტს მეტი გამოხმაურება.
როგორც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლებობისათვის უმნიშვნელოვანესი იყო "განმუხტვის პერიოდის" დაწყების ეტაპი, წამყვანი ელემენტი კი შემუშავებულ სამუშაო პროგრამაში მონაწილება იყო რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები არჩევდა ემოქმედა დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების პარალელურად, თუმცა ცდილობდა ვითარებიდან მოენახა იდეალური გამოსავალი, რათა ხელი არ შეშლოდა თავის გეგმებში და დაეგმო საბჭოური ქმედებები ისე, რომ მის განცხადებებს მკვეთრად არ შეეცვალა პოლიტიკური ვითარება, რომ საფრთხე არ დამუქრებოდა მის მიზნებს ევროპაში. სწორედ ამიტომ აშშ არჩევდა დაბალანსებულ მიდგომას, რათა სურვილისამებრ მოეხდინა მომგებიანი ლავირება პოლიტიკურ პროცესებში.
საბოლოოდ, კი მიმდინარე პროცესებმა კარგად დაანახა ჩეხ ხალხს, რომ ისინი მარტონი აღმოჩნდნენ უდიდესი საფრთხის წინაშე. ყოველი გაჟღერებული განცხადება ფუჭი აღმოჩნდა, ისინი დარწმუნდნენ დასავლეთის ქვეყნების, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების უნიათობაში. მათ არცერთ განცხადებას რეალური შედეგი არ მოყოლია. ჩეხ ხალხს ალტერნატიული გზების ძიებისათვის არც დრო და არც საშუალება არ ჰქონდათ, ამის შესაძლებლობას მათ საბჭოთა კავშირი არ აძლევდა. სამხედრო ინტერვენციის ეს შემთხვევა ევროპისათვის კარგ მაგალითად უნდა ქცეულიყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მრავალჯერ დამდგარა ევროპა ანალოგიური საფრთხის წინაშე და ყოველ ჯერზე სიტუაცია ერთიდაიმავე სცენარით ვითარდებოდა. ასე გრძელდება დღესაც. ისტორიკოსთა და მკვლევართა შეფასებით 1968 წელის ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო გარდამტეხი ეტაპი საბჭოთა კავშირის და ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. "პრაღის გაზაფხულმა" კიდევ ერთი აგური გამოაცალა საბჭოთა ხელისუფლების ფუნდამენტს, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციით მხოლოდ რამოდენიმე წლით შეძლო და შეაფერხა სისტემის რღვევის პროცესი. სწორედ ჩეხოსლოვაკიის მოვლენებმა ჩაუყარეს საფუძველი მძლავრ ანტისაბჭოთა მოძრაობას ევროპაში, რომელიც 20 წლის შემდგომ ჯერ ჩეხოსლოვაკიაში "ხავერდოვანი რევოლუციით" და შემდეგ კომუნისტური რეჟიმის შეცვლით დამთავრდა.
საბჭოთა კავშირის "შიშები" გამართლებული იყო, რადგანაც კრემლი კარგად აანალიზებდა იმას, რომ დუბჩეკის მიერ დაწყებული რეფორმები ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს უქმნიდა კრემლის მესვეურთ. საბჭოთა კავშირს "პრაღის გაზაფხულის" შემდგომ აღარ გააჩნდა ევროპაზე ძველებური გავლენა, მათ კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რომ შეუძლებელია მთავრობა ერთდროულად დემოკრატიულიც იყოს და კომუნისტურიც, ისევე როგორც შეუძლებელი იყო კომუნიზმისა და თავისუფლების თანაარსებობა ერთ პოლიტიკურ სივრცეში. კრემლი ხვდებოდა, რომ თუ დროულად არ მიიღებდა სათანადო ზომებს, ჩეხოსლოვაკიაში დაწყებული რეფორმები სულ მალე მთელს აღმოსავლეთ ევროპაშიც მოუღებდა ბოლოს კომუნისტურ რეჟიმებს, ეს კი ნამდვილად იქნებოდა მათი დასასრულის დასაწყისი. "პრაღის გაზაფხულის" უდიდეს მნიშვნელობაზე მეტყველებს ასევე საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მარშალ ანდრეი გრეჩკოს მიმართვაც 1968 წლის 18 აგვისტოს, იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს გენერალიტეტს: "მე ახლახანს დავბრუნდი პოლიტბიუროს სხდომიდან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვარშავის ხელშეკრულების წევრმა სახელმწიფოებმა ჩეხოსლოვაკიაში ჯარები უნდა შეიყვანონ. ეს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, თუნდაც ამის გამო მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს ".
ჯერ კიდევ გაურკვეველია, გადადგეს თუ არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები დუბჩეკმა და მისმა კოლეგებმა, ან თუნდაც, გარეშე ძალებმა, როგორიც იყო ნატო-ს ქვეყნები, 1968 წლის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ან შესაჩერებლად, რათა ყოფილიყო რეფორმების პროგრამის გაგრძელების საშუალება. ზოგი მკვლევარის მტკიცებით, დუბჩეკი რომ ფართომაშტაბიანი სამზადისით შეწინააღმდეგებოდა შემოჭრას, საბჭოთა კავშირი უკან დაიხევდა, როგორც მან ეს გააკეთა 1948 წელს იუგოსლავიაში და 1956 წელს პოლონეთში. თუმცა ამ მოსაზრებას ყავს ბევრი მოწინააღმდეგეც, სხვები ამტკიცებენ, რომ დუბჩეკის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის იყო განწირული, საბჭოთა ინტერვენცია გარდაუვალი იყო. მსგავსი აზრთა სხვადასხვაობაა ექსპერტებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურბის შესახებ, ჩეხები აქტიურად განიხილავენ და აკრიტიკებენ კიდევაც აშშ პასიურ პოზიციას და ნომინალურ ქმედებებს ინტერვენციის პერიოდში.
გარდა ამისა, არსებული წყაროების შესწავლისას ნათლად გამოჩნდა ის, თუ რამდენად განსხვავებულად აფასებდა "პრაღის გაზაფხულის" მოვლენებს ორივე მხარე, განსაკუთრებით კი საბჭოურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები. ჩეხური მხარე დღესაც აქტიურად ცდილობს რუსეთის ახლანდელი ხელისუფლებისგან მიიღოს სიტყვიერი გარანტია, რომელიც მას გარდა მორალურისა დააკისრებდა იურიდიულ პასუხისმგებლობასაც. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთი მაინც აგრძელებს საბჭოური პოლიტიკური სისტემის კურსის წარმოებას საერთაშორისო ურთიერთობებში, რასაც კარგად ვხედავთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებშიც (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი). რუსეთის ფედერაციის მომქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება: "პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ და ამის შესახებ მე მისაუბრია კიდეც, რომ საბრჭოთა კავშირის ნგრევა ეს იყო მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა". ექსპერტთა აზრით, თუ დღეს ევროპას ძალუძს უფრო ეფექტურად იმოქმედოს რუსული ინტერვენციის წინააღმდეგ, 1968 წელს ეს გაცილებით რთული იყო და საბჭოთა კავშირის საქმეებში ღია ჩარევა მათთვის სერიოზულ პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო. მით უფრო, რომ ყველაზე დიდი მოთამაშეები (აშშ, საფრანგეთი, ინგლისი) იკავებდნენ ამისგან თავს. თუმცა პრაღის მაგალითი საკმარისი უნდა ყოფილიყო მსოფლიოსათვის, რათა პოსტსაბჭოურ პერიოდში აღარ დაეშვათ მსგავსი შემთხვევები. მსოფლიომ ისიც კარგად დაინახა, რომ რუსეთს არ აშინებს არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური სანქციები, მის შემაფერხებელ ბერკეტს მხოლოდ ორი, ნატოსა და ბირთვული ომის საფრთხე წარმოადგენს.
სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე:
No comments:
Post a Comment