სამხედრო ოპერაცია "დუნაი"
ჩეხოსლოვაკიაში რეფორმების შესაჩერებლად მოსკოვმა სამხედრო ოპერაციების განხორციელება გადაწყვიტა. 20 აგვისტოს 22:15 წუთზე საზღვართან განლაგებულმა საბჭოთა დივიზიებმა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის ბრძანება მიიღეს. სამხედრო ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელი "დუნაი" ერქვა, საბჭოთა სადესანტო დივიზიის მიერ პრაღის აეროპორტ "რუზინეს" აღებით დაიწყო. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაში ვარშავის ხეშეკრულების 5 ქვეყნის 26 დივიზია და 5 000 ტანკი მონაწილეობდა. იან დოსკოჩილი: "რა თქმა უნდა ინტერვენციის ინიციატივა საბჭოთა კავშირს ეკუთნოდა. ინტერვენციაში არმოსავლეთ გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი და ბულგარეთიც მონაწილეობდა, მაგრამ მთელი ოკუპაციის კორდინაციას მოსკოვი ახორციელებდა. ოკუპაცია 20 აგვისტოს დაიწყო, ჩეხოსლოვაკიაში ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი იყო გამოგზავნილი, რა თქმა უნდა მათ უმეტესობას რუსები შეადგენდნენ. სხვა ქვეყნების სამხედრო კონტიგენტი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. სცენარი ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც უნგრეთში იყო 1956 წელს. ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნებოდა ახალი მთავრობა, შემდეგ კი ეს მთავრობა საბჭოთა ჯარის შეყვანას მოითხოვდა, რითაც ოკუპაციას გაამართლებდნენ ".
პრაღის რადიომ ღამის 2 საათზე ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შემოჭრის შესახებ ცნობა გაავრცელა. მთავრობამ ჩეხოსლოვაკიის შეიარაღებულ ძალებს ყაზარმებში დარჩენა შესთავაზა, მოსახლეობას კი სიმსვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად შუაღამისას უბრალო მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ დემონსტრაციები დაიწყეს. საბჭოთა დესანტის პირველი სამიზნე დუბჩეკი და მისი თანაგუნდელები იყვნენ. რუსმა ჯარისკაცებმა გამთენიისას კომპარტიის შენობას, სადაც ბუბჩეკი იმყოფებოდა ალყა შემოარტყეს. შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მაგრამ საბჭოთა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. დუბჩეკი და რამოდენიმე თანამდებობის პირი შენობაშივე დააპატიმრეს. ისინი იმავე დღეს საბჭოთა კავშირში გადაიყვანეს. 21 აგვისტოს საოკუპაციო ნაწილებმა მთავრობის სახლი, პრეზიდენტის სასახლე, გენერალური შტაბი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე რამოდენიმე გამომცემლობა და ცენტრალური ტელე-ცენტრის შენობა დაიკავეს. 1968 წელს, როდესაც ტელემაუწყებლობა ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული საინფორმაციო სფეროში ლიდერის ფუნქციას რადიო ასრულებდა, ამიტომ პრაღაში შემოსული საბჭოთა ჯარებისთვის რადიოს შენობის აღება უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა. სწორედ რადიოს საშუალებით ვრცელდებოდა ანტისაბჭოთა მოწოდებები. "ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენც იყავით ჩვენთან" ამ სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა ველა გადაცემა პირდაპირ ეთერში აგვისტოს დღეებში. რადიოს აღება 21 აგვისტოს დაიწყო, დილის 8 საათზე "ვინოგრადოვის 'ქუჩაზე რუსული ტანკები გამოჩნდნენ. ქუჩა ორივე მხრიდან ჩახერგილი იყო, რადიოს შენობას კი რამოდენიმე ასეული უიარაღო დემონსტრანტი იცავდა. საბჭოთა არმიის შტურმის შედეგად რადიოს შენობასთან 22 ადამიანი დაიღუპა. რუსმა ჯარისკაცებმა რადიოს შენობა დაიკავეს, მაგრამ პირდაპირი ეთერი არ შემწყდარა. სამხედროებმა იმ პატარა ოთახს ვერ მიაგნეს, სადაც პირდაპირი ეთერი ხორციელდებოდა. ოკუპირებული შენობიდან თავისუფალი სიტყვა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. დანიელ პოვოლნი: "რადიოს შენობასთან ხალხისა და სადესანტო ნაწილების დაპირისპირება მოხდა. დაახლოებით 85 ჯარისკაცი იყო. საბჭოთა არმიელების გარდა რადიოსთან აღმოსავლეთ გერმანიიდან ჩამოსული სადესანტო ნაწილებიც იყვნენ, ისინი შენობაში შესვლას და მაუწყებლობის შეწყვეტას ცდილობდნენ. როდესაც დემონსტრანტებმა მათ გზა გადაუკეტეს სამხედროებმა მათი დაშლა ჯერ სიტყვიერად და მუქარით სცადეს, მაგრამ შემდეგ მიხვდენენ, რომ ამით ვერაფერს მიაღწევდნენ და ჰაერში სროლა დაიწყეს. რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, რომელსაც ადამიანის მსხვერპრი მოყვა. "იან დოსკოჩილი:" ხმა გავრცელდა, რომ საბჭოები რადიოს დაკავებას შეეცდებოდნენ, ამიტომ ხალხმა რადიოს შენობასთან დაიწყო შეკრება. ისინი ავტომობილებისა და ტრამვაის საშუალებით ბარიკადების აგებას შეუდგნენ, რომელსაც შემდეგ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ. რადიოსთან შეტაკებისას რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიღუპა. საბჭოებმა რამოდენმე საათში შეძლეს შენობების დაკავება. მაგრამ რადიოს მაუწყებლობა მაინც გრძელდებოდა. მაუწყებლობა სათადარიგო სტუდიებიდან ხორციელდებოდა. ეს პრინციპში საბჭოელების უზარმაზარი მარცხი იყო. "
21 აგვისტოდან ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე 12 არალეგალური რადიოსადგური ამოქმედდა. მოვლენების გაშუქებასთან ერთად, ისინი საოკუპაციო ჯარებს მათ მშობლიურ ენაზე მიმართავდნენ და მოუწოოდებდნენ არ მიეღოთ მონაწილეობა აგრესიაში. სტიქიური მშვიდობიანი წინააღმდეგობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიშალა. პრაღის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები საოკუპაციო ძალების მიმართ ზიზღს დაუფარავად გამოხატავდნენ. მოქალაქეები ქუჩებს სატვირთო მანქანებით ხერგავდნენ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას ხელს უშლიდნენ. ტანკებზე ანტისაბჭოურ ლოზუნგებს წერდნენ და ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ. დანიელ პოვოლნი: "მოსახლეობა ოკუპანტებს პასიურ წინააგმდეგობას უწევდა. ჯარისკაცებს ქვებს, ასფალტის ნატეხებს ესროდნენ, წერდნენ სხვადასხვა ლოზუნგებს, აკრავდნენ პლაკატებს. ჩეხოსლოვაკიის ბევრმა მოქალაქემ რუსული იცოდა და ცდილობდნენ საბჭოთა არმიისათვის აეხსნათ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და რომ უიარაღო ხალხის წინააღმდეგ გამოიყვანეს. "პრაღის ქუჩებში არმიასა და მოქალაქეებს შორის სპონტანური დაპირისპირებები ხდებოდა, რომლის დროსაც საბჭოთა არმია უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ ავტომატურ იარაღს იყენებდა. ინტერვენციის პირველ დღეს ოკუპანტებმა პრაღაში, ლიბერეცსა და კოშიბეში 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 200-მდე მძიმედ დაჭრეს. პრაღაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. შეჭრიდან 36 საათის შემდეგ ვარშავის პაქტის ქვეყნებმა ჩეხოსლოვაკიაზე სრული კონტროლი დააწესეს. ქალაქები საბჭოთა ჯარისკაცებით გაივსო. ვაცლავ პაველი: "პრაღის გაზაფხული მოვლენები ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ უკვე საკმაოდ კარგად ვმონაწილეობდი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ოკუპაციის საწინააღმდეგო მშვიდობიან მოძრაობაში მაშინვე ჩავები, იმ დღეებში ქალაქ ლიბერეცში ვიმყოფებოდი. ერთი კვირის განმავლობაში სახალხო წინააღმდეგობაში ვმონაწილეობდი. ეს მოვლენა თავისთავად საინტერესოა, როგორც სოციოლოგიის ასევე პოლიტოლოგიის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ილუზია გვქონდა. განსაკუთრებით კი ეს ხელისუფლებაში მყოფ რეფორმატორებზე ითქმის. მაშინ ხელისუფლების სათავეში კომუნისტური პარტიის რეფორმატორული, თავისუფლად მოაზროვნე, გონიერი ფრაქცია მოექცა, რომელსაც შეიძლება ითქვას სახალხო მხარდაჭერა ქონდა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სიტუაცია არ იყო ჩვენთვის ისეთი ხელსაყრელი, როგორიც იყო მაგალითად 1989 წელს. ნათელი იყო, რომ დასავლეთი ჩვენ რაიმე მნიშვნელოვან დახმარებას არ გაგვიწევდა.
"საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის ოკუპაცია წარმატებით განახორციელა, მაგრამ პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა. მოსკოვის ქმედებას მხარი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიამაც კი არ დაუჭირა, რომელმაც 22 აგვისტოს პრაღაში საიდუმლოდ ჩატარებულ ყრილობაზე კრემლის მოქმედება დაგმო. ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. 23 აგვისტოს მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ლუდვიგ სვობოდა ჩავიდა. სვობოდას თხოვნით კრემლმა ალექსანდრე დუბჩეკი ტყვეობიდან გაანთავისუფლა და იგი მოლაპარაკების პროცესში ჩართო. 3 დღის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციამ ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომელიც ქვეყანაში ცენზურის აღდგენას, ოპოზიციის აკრძალვას და რეფორმატორულად განწყობილი ცეკას წევრების დათხოვნას ითვალისწინებდა. დოკუმენტის თანახმად, ჩეხოსლოვაკიას საოკუპაციო ძალები მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდნენ, როდესაც ქვეყანაში სოციალიზმის არსებობას საფრთხე აღარ დაემუქრებოდა. ჩეხი ისტორიკოსი დანიელ პოვოლნი ამბობს: "ჩვენს ხელისუფლებას შეთანხმებაზე ხელი მოაწერინეს, ეს რა თქმა უნდა არ იყო კარგი მათ მოსკოვის მხრიდან გარკვეული დათმობების მიღება შეძლეს. მაგალითად შეძლეს, რომ შეთანხმების ტექსტში ჩეხოსლოვაკიის მოვლენები არ იყო შეფასებული, როგორც კონტრევოლუცია, შეფასებებში საერთოდ არ იყო საუბარი დასავლეთის ქვეყნების პროტესტზე და ა.შ. "
ალექსანდრე დუბჩეკი სამშობლოში 26 აგვისტოს დაბრუნდა და მეორე დღესვე მოსახლეობას რადიოთი მიმართა "ჩეხოსლოვაკია მომავალშიც გააგრძელებს სოციალისტური გზით სიარულს, დღეს რეალობის იგნორირება იმას ნიშნავს, რომ საქმე გვექნება ავანტიურასთან და ანარქიასთან" ამბობდა კომპარტიის პირველი მდივანი. მას მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება იმაზე მიანიშნებდა, რომ პრაღის გაზაფხული დასრულდა. ჩეხი ჟურნალისტი პაველ პეხაჩეკი ამბობს, რომ: "ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარი რომ არ შემოსულიყო, ხალხი კომუნისტურ პარტიას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა. იგი აღარ იქნებოდა ქვეყნის ერთადერთი და წამყვანი ძალა. ჩეხოსლოვაკიაში ისეთი პოლიტიკური ცვლილებები მოხდებოდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ვეღარ შეაჩერებდა. ჩეხოსლოვაკიის მაგალითი სოციალისტურ ბლოკში შემავალი სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში მოსკოვისთვის ძალიან ძნელი გახდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური სისტემის შენარჩუნება ".
საბჭოთა ჯარების ინტერვენციის შედეგად, აგვისტოსა და სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე დაიღუპა, 500-მდე კი დაიჭრა. საბჭოთა არმიის დანაკარგმა კი 98 ჯარისკაცი შეადგინა. მათი უმრავლესობა იარაღის გაუფრთხილებლად მოპყრობის, ასევე ავია და საგზაო კატასტროფების შედეგად გარდაიცვალა. სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ მოსკოვის პროტოკოლით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაიწყო. 4 წინაარმდეგი, 10 თავი შეიკავა და 228 მომხრე, ასეთი შედეგით დასრულდა ჩეხოსლოვაკიის ფედერალური სხდომა, რომელიც 1968 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა. კრებაზე ერთადერთ საკითხს განიხილავდნენ, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაში საბჭოთა საჯარისო კონტიგენტის განთავსებას. ქვეყანაში რომ საბჭოთა ჯარის ყოფნა დაკანონდებოდა ეს ყველასთვის გასაგები იყო. 2 დღით ადრე 16 ოქტომბერს პრაღაში საბჭოთა სამთავრობო დელეგაცია ჩამოვიდა, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობასთან სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანაში საბჭოთა ჯარი დროებით, სიტუაციის ნორმალიზაციამდე უნდა დარჩენილიყო. როგორც შემდეგ გაირკვა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის დროებითი ყოფნა 23 წელი გაიწელა. საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 5 დივიზია განალაგა. მთლიანობაში მათი რაოდენობა 70-დან 85 000-მდე ჯარისკაცს შეადგენდა. საოკუპაციო ჯარების სამეთაურო შტაბმა პრაღისდან 38 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ნილოვიცეში დაიწყო ფუნქციონირება. 1945 წლის შემდეგ საბჭოთა ჯარები კვლავ დაბრუნდნენ ჩეხოსლოვაკიაში. 1968 წლის შემოდგომაზე სულ უფრო გაძლიერდა კონსერვატიული ძალების შეტევა რეფორმატორთა ჯგუფზე. გუსტავ ჰუსაკი, სლოვაკეთის კომპარტიის პირველი მდივანი, საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრამდე დუბჩეკის მხარდამჭერი იყო, მაგრამ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მან პოზიცია შეცვალა. ჰუსაკის მოთხოვნით 14 ნოემბერს გამართულმა ცეკას პლენუმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პარტიაში მემარჯვენე ოპორტუნიცმს გმობდა. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩეხოსლოვაკიის რამოდენიმე ქალაქში სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები ჩატარდა. ახალგაზრდები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ შეეჩერებინა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და გაეგრძელებინა რეფორმები. 7 ნოემბერს პრაღაში, ბრატისლავასა და ბორნოში ახალგაზრდებმა საბჭოთა დროშები დაწვეს. მილიციამ სტუდენტები ხელკეტების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. იმ დღეს ჩეხოსლოვაკიის ქალქებში 176 ადამიანი დააპატიმრეს.
საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი იმდენად მაღალი იყო, რომ რამდენჯერმე საჯარო სუიციდის ფაქტიც კი დაფიქსირდა. 1969 წლის 16 იანვარს პრაღაში, ვაცლავის მოედანზე, ნაციონალური მუზეუმის სიახლოვეს, დაახლოებით დღის 4 საათზე ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა. მან ჯერ პალტო გაიხადა, შემდეგ ბოთლიდან, რომელიც თან მოიტანა ტანსაცმელზე ბენზინი გადაისხა და ასანთს გაკრა. ახალგაზრდას ცეცხლი მაშინვე მოეკიდა. უკვე ცეცხლმოკიდებული მუზეუმისკენ გაიქცა მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ დაეცა და ტროტუარზე გორაობა დაიწყო, გამვლელებმა მოახერხეს და ცეცხლი ჩააქრეს. ეს ადამიანი იან პალახი იყო, იგი მიღებული დამწრობის შედეგად რამდენიმე დღეში სავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც პალახის მიერ დატოვებული წერილიდან გაირკვა მან ეს აქტი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შემოსვლის საპროტესტოდ განახორციელა. ირჟი პალახი, იან პალახის ძმა ინტერვიუში ამბობს, რომ "სიკვდილის წინ, მუზეუმის სიახლოვეს საქაღალდეში წერილი დატოვა. ამ წერილში იყო ახსნილი, ის თუ რატომ დაიწვა თავი და იყო მოთხოვნებიც. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ჩეხოსლოვაკიაში ცენზურის გაუქმება იყო. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს 5 დღის განმავლობაში არ შეასრულებდა იანი ხალხს მოუწოდებდა ხალხს ქვეყანაში უვადო გაფიცვა მოეწყო. "25 იანვარს პალახის დაკრძალვა პრაღაში დემონსტრაციად გადაიქცა, ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. იან პალახი ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის ძალებთან ბრძოლის სიმბოლო გახდა. პალახს მალე მიმდევრებიც გამოუჩდნენ. ერთი თვის შემდეგ 25 თებერვალს ვაცლავის მოედანზე თავი დაიწვა 18 წლის იან ზაიცმა. სულ ჩეხოსლოვაკიაში 1969 წლის იანვარ-აპრილში თავის დაწვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 7 სიკვდილით დასრულდა. 1969 წლის აპრილში თანამდებობიდან გადადგა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე დუბჩეკი. ქვეყანაში გუსტავ გუსაკის მმართველობა დაიწყო, რომელიც 20 წელი მიმდინარეობდა. 1968 წლის მოვლენების შემდეგ, ჩეხოსლოვაკია რამოდენიმე ათეულმა ათასმა მოქალაქემ დატოვა. ემიგრანტთა შორის ყველაზე მეტად ინტელიგენციის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. მათი რიცხვი 30 000 აღწევდა. პრაღის გაზაფხულის შემდეგ ემიგრაციაში აღმოჩნდა ჩეხი რეჟისორი მილოშ ფორმანიც, ვინც ქვეყანაში დარჩა მათ კომუნისტური რეჟიმი ყოველმხრივ ზღუდავდა. თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს და საბჭოთა სისტემას არ ემორჩილებოდნენ სამსახურიდან ანთავისუფლებდნენ და დევნიდნენ. რამდენჯერმე დააპატიმრეს ჩეხეთის მომავალი პრეზიდენტი ვაცლავ პაველიც. ანტი საბჭოური შემოქმედების გამო ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გაასახლეს მწერალი მილან კუნდერა. კომუნისტურმა საზოგადოებამ გარიყა და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობდა.
ჩეხეთს, 1968 წლის ამბების გამო მოუბოდიშა ყოფილმა საჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა. რუსეთის დღევანდელი მთავრობა კისრულობს მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლობას მომხდარზე, კრემლი უარზეა იკისროს იურიდიული პასუხისმგებლობაც.
რუსეთის ფედერაციის მომქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება:
სტატიაზე მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია იხილეთ ამ ლინკზე:
http://fidessy.blogspot.com/2016/10/blog-post_30.html
ნაშრომის ავტორი: ნათია თათარიშვილი
No comments:
Post a Comment