Thursday, October 13, 2016

გამარჯვების ფასი


შეიძლება “ქართული ოცნება” მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ან შეიძლება ალტერნატიული ძალის მოლოდინში იყო, ან სულაც ნაციონალებს უჭერდე მხარს და შენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, სად იქნება ცოცხი. მაგრამ, არ უნდა დავკარგოთ ანალიზის უნარი და დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ აკვარიუმის თევზები ვერ გრძნობენ განსხვავებას გლობალურ აცივებასა და გლობალურ დათბობას შორის და, ვინც, საზოგადოდ, განსხვავებას ვერ გრძნობს რეპრესიულ რეჟიმსა და უნიათო ხელისუფლებას შორის, მას არც არჩევანის გაკეთების უნარი აქვს.
როგორც არჩევნებმა აჩვენა, ამომრჩეველთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილში პოლიტიკოსი, მეცენატი, ბიზნესმენი პერსონა ან სუბიექტი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლა სურს, ფასდება არა მისი მიზნებით, პლატფორმით, პროგრამით, პატრიოტიზმით, არამედ ფინანსური რესურსით, ანუ კუჭი კვლავ უსწრებს გონებას, ხოლო ოცნება _ ფიქრს. უახლოეს ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში ჩვენ არაერთი მაგალითი გვახსოვს, როდესაც დიდი ფულისა და გარე მხარდაჭერის შედეგად ხელისუფლებაში მოდიოდნენ ძალები, რომლებისთვისაც საღ გონებაზე მყოფ ამომრჩეველს, შეუძლებელი იყო, მიეცა ხმა; ძალები, რომლებიც შემდგომ სურვილისამებრ ქმნიდნენ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს. 
   როგორც ახლო პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, ბიზნესმენებისა და მეცენატების ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობაც და მოსვლაც ამომრჩევლის იმედებისა და მოლოდინების ნკონტრპროდუქტიულია.  გავიხსენოთ პატარკაციშვილის შეუმდგარი დებიუტი პოლიტიკაში _ ამ ფიასკოს შემდეგ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში თითქმის ჩაკვდა, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლება ბურთსაც და მოედანსაც ერთპიროვნულად დაეპატრონა. და ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს “ცალ კარში თამაში”, რომ არა ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე.
იმთავითვე კომიკური იყო მავანთა მოლოდინი, რომ 2016 წლის არჩევნებზეც ადგილი ექნებოდა მსგავს “ეფექტურ გამობრწყინებას”; კომიკური, რადგან სააკაშვილსა და მის პარტიას “კაშკაშის რესურსი” ერთმნიშვნელოვნად აღარ ჰქონდათ. ივანიშვილისა და მისი პარტიის რეპუტაციული დანაკარგები 4 წლის განმავლობაში ისეთი დიდი იყო, რომ არათუ ძველებურ ბრწყინვალებას, არამედ ბრინჯაოს ვერცხლის ბზინვასაც ვერ გაუწევდა პაექრობას. ასევე გულწრფელ თანაგრძნობას იწვევდნენ ისინი, ვისაც ეგონა, რომ ბურჭულაძე ან “გირჩი” იერიქონის საყვირებივით შემუსრავდნენ პოლიტოპონენტების ციტადელებს. მსოფლიო ბანი ბანალურად გაბანძდა და მის მიმართ გაჩენილი მოლოდინებიც საპნის ოპერების სცენარისტთა შთაგონების წყაროდ იქცა. საქველმოქმედო საქმიანობა, რომელსაც პაატა ბურჭულაძეც ეწეოდა, მისთვის, განსხვავებით ივანიშვილისგან, ვერ იქცა პოლიტიკურ ტრამპლინად, პირიქით _ ნაცვლად აღზევებისა, პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებისა, ჩვენ გავხდით ადამიანური ტრაგედიის, საოპერო ბანის პიროვნული და პოლიტიკური სუიციდის საჯარო სცენის უნებური მოწმენი.



ნათია თათარიშვილი


No comments:

Post a Comment